ლილოს ბაზრობაზე დღეს უჩვეულოდ ცოტა მომხმარებელია. ტერიტორიაზე ეპიდკონტროლი გამკაცრებულია. მეორე დღეა, მოვაჭრეებისა და ბაზრობაზე დასაქმებულების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს, თუმცა მუშაობის შეჩერება, ამ დროის ინფორმაციით, დაგეგმილი არ არის.
დღეს ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 13 ახალი შემთხვევიდან, სამი სწორედ „ლილო მოლს“ უკავშირდება, შედეგად ე.წ. ლილოს კლასტერის შემადგენლობა გაფართოვდა და ახლა უკვე 11-ს შეადგენს. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზრობის ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებებიც ტარდება.
ადგილზე ექიმებთან ერთად, შრომითი ინსპექციის წარმომადგენლებიც მუშაობენ. აღმოჩენილი დარღვევების გამო, სამსახურს სანქციის გამოყენებაც მოუხდა. ამოწმებენ მომხმარებელსაც, მოქალაქეებს უზომავენ სიცხეს, აუცილებელია ხელის დეზინფექცია და სავალდებულოა პირბადის გამოყენება.