დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 20 ათასი ლარი გამოართვეს. დანაშაული 7 დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული წალენჯიხის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი თბილისში არის გადმოყვანილი. ადვოკატის, თამარ კვარაცხელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება წალენჯიხაში მოხდა, რაც შეეხება მეორე დაკავებულს – მასზე ინფორმაციას არ ფლობს. ადვოკატი უკვე შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული არ არის ინფორმირებული, კონკრეტულად რაში ედება ბრალი. თამარ კვარაცხელიას თქმით, საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ იცნობს. დაკავებულს ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.