კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არავითარი გართულებები არ აქვს. მეორე პაციენტს, ხანდაზმულ მამაკაცს კი ორმხრივი პნევმონია აქვს და, პარალელურად, ქრონიკული დაავადება აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, საქართველოში საკუთარი ავტომობილით, სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მას ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ქვეყანაში შემოსვლის დღიდან თვითიზოლაციაში იყო.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტს კი ცხელება აღარ აქვს, ავადმყოფთან მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა მაია ხელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კარგად გრძნობს თავს კორონავირუსის მქონე დანარჩენი ორი პაციენტი, რომელებიც კლინიკაში 11 მარტს შეიყვანეს.
ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ. რაც შეეხება კარანტინს, საჩხერის საკარანტინო სივრცეებში 53 პირია, წყალტუბო პლაზაში 90, 215 კი საირმეში. წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს დღეს 70-მდე პირი დაემატება. რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმში 500 მოქალაქე იმყოფება.