მოვლენების ეპიცენტრში ინდოეთია, სადაც კორონავირუსის ახალმა შტამმა უმძიმესი შედეგები გამოიწვია. მარტო ერთ დღეში ქვეყანაში ინფექციის 350 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პიკს კი მაისის პირველ რიცხვებში ელოდებიან. ჯანდაცვის სისტემა პაციენტების რაოდენობას ვერ უმკლავდება. დედაქალაქის საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები ამოიწურა, რის გამოც კლინიკებთან პაციენტების რიგებია. დელის ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვების მოქმედება 3 მაისამდე გაახანგრძლივა. დაგვიანებული ვაქცინაციის მიუხედავად, შეზღუდვები მცირედით შეამსუბუქეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვაქცინების მიწოდების დაგვიანების გამო ევროკავშირმა „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.