იტალია – ქვეყანა, სადაც ამ წუთებში ყველაზე მძიმე სურათია.
დაცარიელებულია მთავარი ტურისტული ქალაქების ქუჩები, დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადეს. ეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვმა რეკორდულად იმატა. დაავადების ახალი შემთხვევები ყოველ საათში ვლინდება. ჩინეთის შემდეგ სწორედ იტალიაა ის ქვეყანა, სადაც „კოვიდ-19“-მა ყველაზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა. იტალიასთან ერთად კორონავირუსმა ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში შეაღწია, რის გამოც შეიცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი და ცხოვრების რიტმი. გადადებულია არაერთი საერთაშორისო ღონისძიება და შეხვედრა, იზოლაციაშია რამდენიმე მაღალჩინოსანი. თუ მსოფლიო სტატისტიკას გადავხედავთ, დადებითი ტენდენციაა ჩინეთში, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იკლო.