ბათუმში 40-ზე მეტი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. გუშინ საღამოს 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ხუთი მედპერსონალია. „მედალფაში“ 37 ინფიცირებულს მკურნალობენ. კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, პაციენტებში, რომლებსაც გუშინ დაუდასტურდათ ვირუსი, მსუბუქი ფორმით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პარალელურად მიმდინარეობს ქობულეთის კლასტერის შესწავლა. დადგენილია 410-ზე მეტი კონტაქტი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში, რომლებიც მკაცრ საკარანტინე ზონებადაა გამოცხადებული, აქტიურად გრძელდება თერმოსკრინინგი. ამ დროისთვის 8362 ადამიანია შემოწმებული, საიდანაც საყურადღებო 25 ადამიანის მდგომარეობა აღმოჩნდა. შემოწმების შემდეგ კი, არც ერთს ვირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნულ სოფლებში, ყველა დაწესებული წესების დაცვით მუშაობს სასურსათო მაღაზიები. ამ ობიექტებზე, სოციალური დისტანციის დაცვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.