კორონავირუსი – თვითიზოლაციის წესების დარღვევა

კარანტინში, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, იძულებით კიდევ 22 ადამიანი გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.

დარღვევები დაფიქსირდა თბილისში, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით, 71 ადამიანია გადაყვანილი. შსს-ს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.