იზოლაციის წესების დარღვევა  

დაარღვია თუ არა გიგი უგულავამ იზოლაციისა და კარანტინის წესები, – ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ფოთის მერობის კანდიდატი გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.  გუშინდელი აქციის მერე კი სოციალურ ქსელში გააკეთა განმარტება, რომ გადამდები აღარ არის და სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. აქციაზე მისვლა კი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა. თუმცა, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ იზოლაციიდან მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღეა გასული. ხოლო „თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს“.

საკითხს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები. უგულავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამერიკის პროტოკოლით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც აცრილზე იზოლაცია 7-8 დღეს გრძელდება. მისი თქმით, აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით არ ხელმძღვანელობს.