რთული ეპიდვითარება და საველე ჰოსპიტალი თბილისში

უმძიმესი სცენარი რეალობად იქცა – ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება იმდენად რთულია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ საქართველოში საველე ჰოსპიტლის გახსნა გახდა საჭირო. 500-ს პაციენტზე გათვლილი სივრცე დიღმის ოლიმპიურ სოფელშია მოწყობილი. საშუალო სიმძიმის პაციენტების მიღება ჰოსპიტალში იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

პანდემიის დაწყებიდან წლისა და ხუთი თვის თავზე ქვეყანაში საველე ჰოსპიტლის ამოქმედების მიზანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი კრიტიკული პაციენტებისთვის კლინიკებში ადგილების გამოთავისუფლებაა. მძიმე პაციენტებსაც კი საავადმყოფოების ნაწილი ვეღარ იღებს.

„დელტა“ შტამი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ტემპებით ვრცელდება და ყოველდღიურად საშუალოდ 5 000 ადამიანი ინფიცირდება. საგანგაშო ნიშნულზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ შედარებით იკლო, რაც უქმე დღეებს უკავშირდება. მესამეზე ბევრად მძიმე მეოთხე ტალღის პიკში მყოფი ქვეყანა ხელახლა ამოქმედებული შეზღუდვების ეფექტს ელოდება. ეპიდემიოლოგების ნაწილი რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს.