ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად დიდი შემაკავებელი ეფექტი ექნება მოსალოდნელ ორთვიან მკაცრ შეზღუდვებს. პირველ შედეგებს ორი კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ. მანამდე კი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პიკში მყოფ ქვეყანას ყოველდღე საგანგაშო მაჩვენებლები აქვს.
წინა დღეებში ინფიცირებულთა შედარებით კლების შემდეგ, დღევანდელი მაჩვენებელი ისევ მკვეთრად გაიზარდა და 3 801 შეადგინა. თბილისის შემდეგ, შემთხვევების სერიოზული მატებაა იმერეთის რეგიონში. გადატვირთული კლინიკები და დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალში მთავარ გამოწვევად რჩება. სწორედ ექიმებისა და ექთნების დიდი რაოდენობის დაინფიცირების გამო, თბილისის ერთ-ერთი ცნობილი საავადმყოფო დროებით დაიხურა.