დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – „კოვიდ-19“-მა კიდევ 23 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა მცირედი კლების ტენდენცია გრძელდება, თუმცა ციფრები მაინც საკმაოდ მაღალია. 1 824 ახალი შემთხვევიდან ყველაზე ბევრი, ანუ 712 თბილისშია გამოვლენილი. ბოლო ერთ დღეში დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალის 90 წარმომადგენელი. ნაკადების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მწვავდება საწოლფონდის და ექიმების რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემები. მაშველ რგოლად განიხილება იმ მედიკოსების ჩართვა, რომლებიც ამ დროისთვის არ მუშაობენ. ახლა მთავარი კითხვაა, რა არის ის ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ, ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა ნაკადების მართვას ვეღარ შეძლებს.
19 231 აქტიური შემთხვევიდან ამ ეტაპზე საავადმყოფოებში ინფიცირებულების 20-25 პროცენტია მოთავსებული. თავისუფალი საწოლების რაოდენობა კი 246-ია. ვირუსით ინფიცირებულთა ოთხნიშნა მატების ფონზე, იზრდება მოქალაქეთა პრეტენზიების რაოდენობაც. მათი ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების დაგვიანებაზე და სხვა სახის პრობლემებზე საუბრობს. უცვლელია სპეციალისტთა მოწოდება, პირბადე და სოციალური დისტანცია ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად რჩება, მით უფრო მაშინ, როდესაც ნოემბერში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 4000-მდე შემთხვევას ელოდებიან.