კონსულტაციები სახალხო დამცველის კანდიდატურების შესარჩევად

სახალხო დამცველის არჩევის წესი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს მომავალი ომბუდსმენის შერჩევა და რა პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს ცხრაკაციანი კომისია – პარლამენტში ერთობლივი კონსულტაციები დაიწყო. შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე დღეს ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით მივიდა, გამონაკლისი „სტრატეგია აღმაშენებელი“ აღმოჩნდა, რომელმაც პროცესი ფარსად და ხელისუფლების მიერ კონტროლირებულად გამოაცხადა.

რეგლამენტში შესული ცვლილებების მიმართ, რომელსაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, ხელისუფლების ოპონენტებს ახლაც არაერთი შენიშვნა და პრეტენზია აქვთ, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესების შემუშავების პროცესში ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული. ახლა მთავარია, კრიტერიუმებსა და წესებზე შეთანხმების შემდეგ, რამდენად მოახერხებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთობლივ კანდიდატზე კონსენსუსის მიღწევას. მომავალ ომბუდსმენს თანამდებობის დასაკავებლად 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.