მიხეილ სააკაშვილის გამო თაკო ჩარკვიანი კონსტიტუციური აჯანყების დაწყების მომხრეა.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი მმართველ გუნდს ყოფილი პრეზიდენტის წამებაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლება და ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ აჯანყებით არის შესაძლებელი. თუ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ელოდება, ჩარკვიანისთვის 30 ოქტომბერი უკვე დაგვიანებულია.
რუსთავის ციხესთან გაკეთებულ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილის აზრით, მსგავსი გამოსვლები მხოლოდ პოლარიზაციის ზრდას და სიტუაციის დაძაბვას უწყობს ხელს. პარტიების დიდი ნაწილი აჯანყების იდეას უკვე გაემიჯნა. ამ გეგმას არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ იზიარებენ, თუმცა მათთვის არასასურველი შედეგების შემთხვევაში 30 ოქტომბრის შემდეგ ქუჩაში გასვლა და აქციების დაწყება პარტიის სამოქმედო სტრატეგიის ნაწილად რჩება.