სწორედ ხორავას ქუჩის საქმის გამო ვაკანტურად დარჩენილი მთავარი პროკურორის პოსტის გარშემო ვნებათაღელვა მწვავდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საგამოძიებო უწყების პირველი პირის არჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. უფლებადამცველების აზრით, დღეს მოქმედი წესი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი კანდიდატის შერჩევას ვერ უზრუნველყოფს. მესამე სექტორის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იუსტიციის მინისტრია, რომელიც საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელობს. სწორედ თეა წულუკიანმა უნდა წარუდგინოს შერჩეული სამი კანდიდატი საბჭოს, რომელიც თავის მხრივ არჩევანს ერთ-ერთ მათგანზე გააკეთებს. ოპოზიციასთან ერთად უფლებადამცველები საპროკურორო საბჭოს შემადგენლობასაც აპროტესტებენ და საბჭოს დაკომპლექტების წესის გადახედვას ითხოვენ.
ბოლო მონაცემებით, მთავარი პროკურორობა 18 კანდიდატს სურს. კანდიდატურების წარდგენის ვადა ხვალ იწურება.