ორი დღე „ქართული ოცნებისა“ და მისი საპატიო თავმჯდომარის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა კონფერენცია თბილისში – „გარდამტეხი წელი“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელშიც პრეზიდენტი, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ევროპარლამენტარები მონაწილეობდნენ. კონფერენცია მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და კრიტიკის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი იყო. უცხოელი სტუმრების რიტორიკას სრულად იზიარებს კონფერენციის მონაწილე ოპოზიცია და მათ გზავნილებს, ევროკავშირის პოზიციად აცხადებს. კრიტიკას, კრიტიკით პასუხობენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და გარე ძალების კიდევ ერთი მცდელობაა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დააბრუნონ.