„აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა“ – ამ სახელწოდებით კონფერენციას პატრიარქ ილია მეორეს ინიციატივით და ქართველოლოგიური კვლევითი ცენტრის თანადგომით საპატრიარქომ უმასპინძლა. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებზე. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია დაიგეგმოს საინფორმაციო პოლიტიკა, რადგან დღეს ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ საინფორმაციო კუთხით არსებობს. კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.