კულტურის სამინისტრომ „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დააფუძნა. კონკურსს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჩაატარებს. მისი მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა. გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 65 000 ლარს. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 17-დან 25 წლის ჩათვლით ასაკის პირებისთვის და 25 წელს ზემოთ პირებისთვის ჩატარდება. გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან, ესენია – კამერული, საგუნდო-ვოკალური და სიმფონიური მუსიკა. პრიზიორებისთვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო.