კოლუმბიას ახალი ლიდერი ჰყავს. ლათინური ამერიკის სახელმწიფოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წარმომადგენელმა, ივან დუკემ გაიმარჯვა. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ცნობით, მას მხარი ამომრჩეველთა 54 პროცენტმა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა, დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გუსტავო პეტრომ კი მხოლოდ 41,8 პროცენტის მოგროვება მოახერხა.
ივან დუკეს ქვეყანაში კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტის, ალვარო უბირეს პოლიტიკურ პროტეჟეს უწოდებენ. ის კი ქვეყნის ხელისუფლებასა და ამბოხებულთა დაჯგუფება FARC-ს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების კრიტიკით გამოირჩეოდა. მსგავსი შეხედულება აქვს ახლად არჩეულ პრეზიდენტსაც. 2017 წელს, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ივან დუკე დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანის მომხრე იყო. ახლა 41 წლის პრეზიდენტი ამბოხებულების ომის დანაშაულების გამოძიებას და საჭიროების შემთხვევაში, პასუხისგებაში მიცემას აპირებს.
კოლუმბიაში სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი მიმდინარეობდა, ოფიციალურად 2017 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. კონფლიქტის დარეგულირებისთვის 2016 წელს პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც გადასცეს.