„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას დაკავების დღეს პარტიის ოფისში სამართალდამცველების მიერ ინვენტარის დაზიანებასა და ოფისიდან ტექნიკური მოწყობილობების წაღებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. პარტიის იურისტების მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივანი გასაუბრებაზე დაიბარეს.
კობა ნაყოფია ამბობს, რომ მან გამომძიებლებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, ოფისიდან წაღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და შიდაპარტიული მიმოწერები. რაც შეეხება პარტიის ოფისიდან ტექნიკური მოწყობილობების გატანას, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში, მოხდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება, რაც დაილუქა, საგამოძიებო მოქმედება კი სასამართლომ კანონიერად ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტიის წარმომადგენლებს აღნიშნული მოწყობილობების გადასაცემად კანონიერი წარმომადგენლის გამოყოფას სთხოვს.