კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მმართველ პარტიას საჯარო სკოლების პოლიტიზებაში ადანაშაულებს. ბათუმის ოფისში დღეს განცხადება პედაგოგმა როლანდ შავაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ პედაგოგებს და განსაკუთრებით დირექტორებს აიძულებს არჩევნებისთვის მმართველი გუნდის სასარგებლოდ იმოქმედონ, მოახდინონ მხარდამჭერთა მობილიზება და დაესწრონ პარტიულ შეკრებებს. ბრიფინგზე კონკრეტული მაგალითებიც დასახელდა, საუბარი იყო ხულოს მუნიციპალიტეტზე, სადაც პედაგოგის განცხადებით, 11-ზე მეტი სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პრეზენტაციას.