გლაზგოდან გზავნილები საკმაოდ მწვავეა – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტრიბუნიდან თქვა, რომ თუ კლიმატურ ცვლილებებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე რეაგირებას დღესვე არ მოახდენენ, ხვალ შესაძლოა უკვე დაგვიანებული იყოს. გაერო-ს გენერალური მდივანი კი გლობალურ გამოწვევასთან საბრძოლველად და კიდევ ერთი პრობლემის, ანუ კოვიდ-პანდემიის დასამარცხებლად განვითარებადი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. 120-ზე მეტი ლიდერი ახლა ერთად მსჯელობს, ვინ როგორ ასრულებს ექვსი წლის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას და რა ერთობლივი ზომები უნდა მიიღონ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული და საკმაოდ გახშირებული ბუნებრივი კატასტროფების შესამცირებლად.
კონფერენცია გარემოს დამცველების მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მსოფლიო ლიდერებისგან გარემოზე კლიმატის ცვლილებების დამანგრეველი გავლენის საპასუხოდ მეტ აქტიურობას მოითხოვენ.