საავტორო უფლებათა ასოციაციის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიზეზი საქპატენტის მიერ ჩატარებული შემოწმებაა, რომელმაც ორგანიზაციაში ფინანსური დარღვევები გამოავლინა. მათ შორის საუბარია მკვეთრად გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებზე, ასევე ავტორ-შემსრულებლების ჰონორარების სხვა მიზნებით გამოყენების ფაქტებზე. მძიმე შინაარსის დასკვნაზე დღეს პირველ საჯარო განმარტებებს აკეთებს ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც ავტორ-შემსრულებლებთან ჰონორარების კუთხით რაიმე დავალიანებას გამორიცხავს. საპირისპიროს ამტკიცებენ თავად შემსრულებლები, რომლებსაც ასოციაციის მიმართ პრეტენზიები აქვთ. საქპატენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგი და მწვავე შინაარსის დასკვნის გამოქვეყნება დროში დაემთხვა პარლამენტში მიმდინარე განხილვებს. საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რაც ასევე დავის საგანია.