ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი უკვე შევსებულია და მისი გადაცემა ხვალ მოხდება. ორი ათასზე მეტ შეკითხვაზე პასუხების გაცემისა და ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ქვეყანა უკვე ევროკომისიის შეფასებას დაელოდება. სწორედ მის რეკომენდაციას დაეყრდნობა ევროპული საბჭო, რომელმაც პოლიტიკური კონსენსუსის გზით უნდა გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ სავარაუდოდ ერთ თვეში წარადგენს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს 27 სახელმწიფო – ეს, შესაძლოა, ივნისის ბოლოს ევროკავშირის მიერ დაგეგმილ სამიტზე გახდეს ცნობილი.