კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილ ოფიცერთა სახლის სარდაფში არსებული ძეგლის განადგურებაზე შსს-მ საქმე 259-ე მუხლის მეორე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანოს განადგურების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მიმართა.
ფართის ამჟამინდელი მფლობელის „ბესთ ბრენდ გრუპის“ წარმომადგენელმა გელა ლეკიშვილმა გუშინ პირველ არხს განუცხადა, რომ ობიექტის შეძენისას პანო უკვე განადგურებული იყო.