კინორეჟისორებმა და დოკუმენტალისტებმა სამეცნიერო ფილმების სტუდიის შენობის დაბრუნების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს, კულტურისა და ეკონომიკის მინისტრებს მიმართეს. ხელოვანებისა და მათი იურისტების განმარტებით, საუბარია სტუდია „რაკურსის“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მითვისებაზე. კერძოდ, მათი განცხადებით, 2011 წელს სახელმწიფომ ძალის გამოყენებით შენობა დაარბია და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიისაკუთრა, რის შემდეგაც, შენობა ჯერ თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაში გადავიდა, ახლა კი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის. საკითხზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, თუმცა ხელოვანები ხელისუფლებას საკითხის შესწავლასა და დავის მორიგების გზით დასრულებას სთხოვენ.