კიმ ჩენ ინმა ფხენიანსა და სეულს შორის გაუქმებული ცხელი ხაზის გახსნის ბრძანება გასცა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, ფხენიანსა და სეულს შორის, დიდი ხნის წინ გაუქმებული ცხელი ხაზის გახსნის ბრძანება გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯის გადადგმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობაა.
ფხენიანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინი მიესალმება სამხრეთ კორეის ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ კეთილგანწყობას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ამ გადაწყვეტილებამდე განცხადებები გაკეთდა სამხრეთ კორეაში.
ქვეყნის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფხენიანი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას აპირებს 31 დეკემბერს, კიმ ჩენ ინის საახალწლო მიმართვიდან გახდა ცნობილი.