კიევში სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა - მოამბე უკრაინიდან
სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა უკრაინის დედაქალაქში – კიევის თავდაცვის ინფორმაციით, დედაქალაქში შეღწევას მტრის დივერსიული ჯგუფები ცდილობდნენ. საოკუპაციო ძალების ნაწილმა მოახერხა კიევის ცალკეული რაიონებისკენ გადაადგილება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მოხდა მათი განეიტრალება და ამჟამად ვითარება შედარებით დამშვიდდა. მიუხედავად ამისა, დივერსიული ჯგუფების მოქმედების გამო, მოქალაქეებს ურჩევენ, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, მოერიდნონ ფანჯრებსა და აივნებს.
კიევის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა წუხანდელი ღამე კვლავ თავშესაფრებში გაათენა. კიევის ცენტრთან ახლოს ასეთ თავშესაფარში იმყოფებიან საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფებიც. რა ვითარებაა ახლა უკრაინის დედაქალაქში, რომელზეც რუსული საოკუპაციო ძალების შეტევა გრძელდება – პირდაპირ კავშირზე ლევან ახალაია და გიორგი კიკვაძე გამოდიან.