ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრმა და შსს-მ განცხადებები გაავრცელეს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში ნათქვამია: უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთიანდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის.
მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს განათლების მინისტრიც. “სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია,” – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის პედაგოგების, ფსიქოლოგების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით. დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტიც, რათა მათ უზრუნველყონ არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად შესაძლოა ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს.