ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზა მთავარ შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებს - როგორია დაცვის მხარის პოზიცია
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზა მთავარ შეკითხვებს ისევ უპასუხოდ ტოვებს, – ასეთია დაცვის მხარის პოზიცია. უფლებადამცველი და ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, მაინც ვერ დადგინდა, ვინ და რომელი იარაღით მიაყენა მოზარდებს სასიკვდილო ჭრილობა.
საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის გამოკვლევა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება. დახურულ სხდომაზე შეკითხვებს დასკვნის მომზადებაში ჩართული სპეციალისტები პასუხობენ. დოკუმენტზე მუშაობა თითქმის 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაცვის მხარე ბრალდებას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ექსპერტიზა კომპლექსურია, შესაბამისად, მის ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდებოდა. უახლოეს მომავალში კი ალტერნატიულ ექსპერტიზაზე მუშაობას ბრიტანელი სპეციალისტები დაიწყებენ. მოწმეების დაკითხვა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 15:00 საათზე განახლდება.