ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც არასრულწლოვანი დ.ღ. ბრალდებულია ცრუ ჩვენების მიცემაში, დღეს მოწმის სახით, ზვიად კუპრავა დაიკითხება.
როგორც კუპრავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი და ზაზა სარალიძის დ.ღ.-სთან შეხვედრისას, იქ სხვა პირიც იმყოფებოდა და სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს დღევანდელ სხდომაზე.
კუპრავას განცხადებით, შეხვედრაზე დ.ღ.-მ მკვლელობის ადგილზე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ყოფნა დაადასტურა. დღევანდელი სხდომის დაწყებამდე დ.ღ.-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ ის უკანონოდ მიიჩნევს დ.ღ.-ს ბრალდების საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად კუპრავასა და ზაზა სარალიძის მიერ მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერს არასრულწლოვნების შეხვედრიდან, რომელიც პროკურატურამ სატელევიზიო გაშუქების შემდეგ, საქმეს დაურთო. დღევანდელ დახურულ სხდომაზე სხვა მოწმეებიც უნდა დაიკითხონ.