კუპრავას ბრალი წაუყენეს

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა.

საუბარია 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ. №16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზვიად კუპრავამ და კ.ხ.-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს. პროკურატურის ინფორმაციით, კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. კუპრავას მიმართ გამოტანილია დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, პროკურატურამ კ.ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ზვიად კუპრავასთან დაკავშირებით კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.