ხმაურიანი სხდომა ცესკო-ში

ცესკო-ში დღის ბოლოს ვითარება დაიძაბა.

დაცვის სამსახურის მობილიზება გახდა საჭირო სხდომაზე, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ და საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციის საჩივრებს განიხილავდნენ. დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრები შევიდნენ და თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სასამართლო პროცესების დასრულებამდე შემაჯამებელი ოქმების არ მიღებისკენ მოუწოდებდნენ. ხმაური იყო შენობის გარეთაც. ცესკო-სთან შეკრებილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტივისტები აქციას მართავდნენ.

ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ სხდომაზე 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. აქციის პარალელურად კი ცესკო-ს შენობის წინ პერფორმანსი გაიმართა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა თამარ ჟვანიასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ფოტოსურათები დაწვეს და ამ ფორმით არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

თამუნა წიკლაური ადევნებდა თვალს ცესკო-ში და ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს.