სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაწყებული ხმაურიანი საკომიტეტო სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. თავდაცვის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი რჩება. რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დარბაზიდან მანდატურმა გაიყვანა. სხდომაზე იმყოფებიან არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთა დიდი ნაწილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს აკრიტიკებს და ორივე ინიციატივას რუსეთში 2012 წლიდან მიღებულ კანონთან აიგივებს. ისმის საწინააღმდეგო არგუმენტებიც. მწვავე პროტესტის საგანია პროექტებში გამოყენებული ტერმინებიც, მათ შორის „უცხოური გავლენის აგენტი“, რომელიც, როგორც დღეს გაირკვა, მმართველი გუნდის ზოგიერთ დეპუტატსაც არ მოსწონს. კრიტიკის პასუხად პროექტის ინიციატორები ოპონენტებს არწმუნებენ, რომ ერთი პროექტი პირდაპირ ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე პროექტი კი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაფინანსების მხოლოდ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად და ინიციატივაში მათი მისამართით არც ერთი შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული.