ხმაური იყო სოფელ არაშენდაში. ადგილობრივები 23 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. ფართობს სოფელი საძოვრად იყენებდა. ტერიტორიის იჯარით აღება ერთ-ერთ ადგილობრივ ფერმერს სურს. გიორგი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მიწა სოფელ ახალდაბის საზღვრებშია და ის ადგილზე ნუშის ბაღის გაშენებას გეგმავს. სოფლის მოსახლეობა სახელმწიფოს სთხოვს მიწას, რომელსაც ისინი საძოვრად იყენებენ, არ გასცეს იჯარით. შეგროვდა ხელმოწერებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სადავო ფართობის დამუშავების უფლებას არავის მისცემენ.
აქციის მონაწილეებს საკრებულოს წარმომადგენელი შეხვდა. მერაბ მელანაშვილის განცხადებით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ახალდაბისა და არაშენდას 50 ჰექტარი მიწის ფართობზე. არაშენდას 24 ჰექტრის მიწის ფართობზე, მოსახლეობის წერილობითი უარის შემდეგ, პროცესი დაიბლოკა. ახალდაბას 23 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებაზე კი სოფლის მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა. სოფელ არაშენდას მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს მიწაც არის მათი სოფლის საძოვარი და ის ახალდაბას არაკანონიერად მიეკუთვნა.