არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს.
პოლარიზაციის მაღალი ხარისხი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზეც აისახა, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. მძიმე ურთიერთბრალდებები ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს ამჯერად ალუდა ღუდუშაური და მამუკა ხაზარაძე დაუპირისპირდნენ. დარბაზში ისმოდა შეურაცხმყოფელი ეპითეტები და პარალელურად განცხადებები დიდი პოლიტიკური შერიგების დაწყებაზე. მმართველი პარტიის წევრთა გამოსვლების მთავარი მიმართულება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების შეხსენება იყო. თავის მხრივ ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ სიძულვილის ენის და აგრესიის გაღვივებასა და პოლარიზაციის ზრდაში ადანაშაულებდნენ და წინა ხელისუფლების ნაცვლად დღეს არსებულ პრობლემებზე საუბარს სთხოვდნენ. სხდომამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის გარეშე ჩაიარა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ბოიკოტის რეჟიმშია.