ხმაური იყო კასპის საკრებულოში – ყოფილმა მერმა საკრებულოს თავმჯდომარე დიპლომის გაყალბებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ თავმჯდომარემ დიპლომის ასლები სხდომაზევე წარადგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი 100 ათასამდე ლარის ღირებულების მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილის შეძენა გააპროტესტეს და სხდომაზე ტუალეტის ქაღალდი მიიტანეს.
საბოლოოდ სხდომაზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რომლებმაც შენობიდან აქტივისტები და მედიასაშუალების წარმომადგენლები ძალით გაიყვანეს. შედეგად, დაზიანდა აპარატურა და რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო. პასუხად ოპოზიციამ შენობას სიმბოლურად ბოქლომი დაადო. ადგილზე მოგვიანებით მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც და დაპირისპირების მონაწილეებს გაესაუბრა.