აყირავებული სკამები, ფიზიკური დაპირისპირება და შეურაცხმყოფელი ეპითეტები – ასეთი სურათი იყო დღეს ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში.
„პუტინისტები“, „ჯაშუშები“ – ამ ეპითეტებით მიმართავდნენ სადავო კანონპროექტების ავტორები და ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი. სიტუაცია დარბაზში არაერთხელ გამწვავდა, რის გამოც მანდატური იყო მობილიზებული. არანაკლები ხმაური იყო განხილვამდე, რის გამოც სხდომა დაგვიანებით დაიწყო. კანონპროექტების გასაპროტესტებლად პარლამენტში მისული არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების ნაწილი ოპოზიციის დახმარებით და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დარბაზში შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მიეცათ. სადავო ინიციატივების მოწინააღმდეგეები კანონპროექტებს ქვეყნის მთავარი საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ პროექტებად აცხადებენ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი მიღებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას საბოლოოდ დაკარგავს.