პარლამენტში დღე ხმაურით და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებით დაიწყო.
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც სხდომათა დარბაზში შესვლას და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მმართველი გუნდისთვის შეკითხვების დასმას ითხოვდნენ. პარლამენტის შენობის წინ დაწყებული დაპირისპირება შენობის შიგნით გაგრძელდა, სადაც ცალკეული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად შესვლას ცდილობდნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ უმრავლესობის და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა პრემიერის გადადგომის და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების მოთხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს. დარბაზში მანდატურების მობილიზება გახდა საჭირო. რიგგარეშე სხდომა სამი საათის დაგვიანებით დაიწყო.