რა ჩვენება მისცა გამოძიებას ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მალხაზ თავდგირიძემ განმარტა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს მომხდართან დაკავშირებით. მისი თქმით, მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ჩანაწერები და მიმოწერა, რაზეც გამოძიება მანამდე იყო ინფორმირებული. გამოძიება სწორედ თავდგირიძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ის თანაპარტიელებს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს, რის გამოც თანამდებობა და პარტია დატოვა.
შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით საგამოძიებო უწყებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაიში გამოკითხა. ისინი ამბობენ, რომ თავდგირიძე სუს-თან თანამშრომლობს და ბრალდებები უსაფუძვლოა. ოფიციალური განცხადება გაავრცელეს პარტიაშიც. „გვსურს, მივმართოთ თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი ერთგულება იდეებისა და პრინციპების მიმართ ურყევია ისე, როგორც არასდროს! ეს არის ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენისთვის და გპირდებით, რომ ეს ბრძოლა პატრიოტული ძალებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი უპირობო გამარჯვებით დასრულდება,“ – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის მერ გავრცელებულ განცხადებაში.