ხელმოწერები დაიწყო.
ათონელის რეზიდენცია დილიდან ოპოზიციონერ ლიდერებს იღებს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიაზე თანხმობა ხელმოწერით უკვე არაერთმა პარტიამ დაადასტურა. დოკუმენტს, რომლის მთავარ მიზნად ევროპული მომავლის გარშემო პოლიტიკური ძალების გაერთიანება სახელდება, თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი უერთდება. დოკუმენტი მისაღებია იმ პოლიტიკური აქტორებისთვისაც, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს პრორუსული პოლიტიკის გამტარებლებად მიიჩნევდნენ. ქარტიაზე ამ დროისთვის მხოლოდ „გირჩის“ და გახარიას პარტიის ხელმოწერები არ არის. კითხვები რამდენიმეპუნქტიანი დოკუმენტის იმ ნაწილის მიმართ გაჩნდა, რომელიც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობის არჩევას და ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. მართალია, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე და კონფიგურაციებზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა ხელისუფლებისთვის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა წინასწარ შემუშავებული გეგმაა, რომელიც წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის ლიდერობით „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებას გულისხმობს.