ბათუმში ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, დღეს 40 ოჯახს ახალი ბინა გადაეცა. პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე 80 ოჯახია დაკმაყოფილებული. პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი წლის ბოლოს კიდევ 100 ოჯახს გადაეცემა. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ოთხი ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა. ამ ეტაპზე დამატებით კიდევ ოთხი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა. დღემდე, პროექტის განხორციელებისთვის 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.