ორთვიანი პაუზის შემდეგ, ოპოზიციამ მოლაპარაკებები განაახლა. ადგილი უცვლელია – „ლეიბორისტების“ ოფისი. რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების არგათავისუფლება, 8 მარტის შეთანხმების ჩაშლისა და საარჩევნო სისტემის ვერშეცვლაზე პასუხისმგებლობა, მმართველ გუნდს დაეკისრება. ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა ისიც, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” საპარლამენტო ბოიკოტს მომავალშიც გააგრძელებენ. შეუერთდებიან თუ არა ამ ბოიკოტს დამოუკიდებელი დეპუტატები, რომელთა ხმებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დამტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 8 მარტს დიპლომატების თანდასწრებით შეთანხმებულ კომპრომისულ საარჩევნო მოდელს, ანუ 120/30-ზე სისტემას, 113 ხმა სჭირდება. დამოუკიდებელი დეპუტატები საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ამიტომ დიდი ალბათობით, ახალ საარჩევნო მოდელს მათი დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნება.