მმართველი გუნდი ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს.
ხვალინდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული, გადაინაცვლებს თუ არა პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებათა მაგიდასთან. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შეხვედრის ფორმატი დღის ბოლომდე დაზუსტდება. ოპოზიცია შეხვედრას თანხმდება, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, რა ფორმით და რომელი პარტიებით იქნებიან ისინი დიალოგის დროს წარმოდგენილნი. თუმცა ცნობილია, რომ ოპონენტები მოლაპარაკებაზე იმ ინიციატივით მივლენ, რომელსაც დღეს ხელი 30-მდე პარტიამ მოაწერა. ოპონენტების მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული მოდელი ე.წ. გერმანულ სისტემაზე გადასვლას, ანუ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, თუმცა მანდატების პროპორციულად გადანაწილებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ პარტიას ან ბლოკს ერგება იმდენი მანდატი, რამდენ პროცენტსაც მიიღებს.
მმართველი პარტია შეთავაზებას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და ოპონენტებისგან დამატებით არგუმენტებს ელოდება.