ხაზარაძის 5-პუნტქიანი გეგმა - უთანხმოება ოპოზიციაში

ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაში ახალი გეგმა გაჩნდა.

მამუკა ხაზარაძე სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის, რომელიც პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ მიერ არჩეულ წევრებს გააერთიანებს. როგორც ირკვევა, წინადადება საერთო შეთანხმების საგანი არ არის, რადგან მის შესახებ ბარიერგადალახულმა სხვა ოპოზიციურმა სუბიექტებმა დღეს გაიგეს.

„ძლიერი საქართველოს“ ინიციატივას უკვე იცნობს ოპოზიციასთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი სალომე ზურაბიშვილი. ორბელიანების სასახლემ დღეს ოპოზიციონერ ლიდერებთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს უმასპინძლა. ხაზარაძის ხუთპუნქტიანი გეგმა ახალი არჩევნების დასანიშნად ქუჩის აქციების მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელებას, სიების ჩახსნას, საპარლამენტო მანდატებზე უარს და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციასაც გულისხმობს. ავტორები საკუთარ იდეას ოპოზიციური ალიანსების გაერთიანების ფორმატად განიხილავენ. ახლა საინტერესოა, რამდენად იქნება ამ წინადადების გარშემო კონსენსუსი – ოპოზიციურ ფლანგზე აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტის ბოიკოტირების ფორმებზეც.

ხელისუფლება ოპონენტების ყველა ნაბიჯსა და გეგმის მიღმა რადიკალიზაციის და დესტაბილიზაციის მცდელობას ხედავს.