ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

პირველი სასამართლო პროცესის შემდეგ პოლიტიკაში წასული ბიზნესმენების ტონი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მწვავდება.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღევანდელი განცხადებების მთავარი სამიზნე მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო. უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალდებული ბიზნესმენები პოლიტიკური დევნის ობიექტებად აცხადებენ თავს.

საქალაქო სასამართლოში მივიდა საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ავთო წერეთელიც, რომელიც მისთვის ბრალის წარდგენას ოჯახის მფლობელობაში არსებულ ტელევიზიას უკავშირებს.

პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა, რადგან მხარეები ამჯერად მტკიცებულებებზე ვერ თანხმდებიან. პროკურატურა „თიბისის“ დამფუძნებლების იმ მტკიცებულებების დაუშვებლობას ითხოვს, რომლებიც უცხოეთში დაკითხული მოწმეების დაკითხვის ოქმებს ასახავს.

საგამოძიებო უწყების მოთხოვნას ბრალდებულთა მწვავე პროტესტი მოჰყვა.