მამუკა ხაზარაძის ადვოკატები ცნობილი წერილის ექსპერტიზის დასკვნას ახმაურებენ.
უფლებადამცველების მტკიცებით, ლონდონის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წერილზე რამდენიმე ადამიანის ანაბეჭდია, თუმცა, ვისი – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ახლა ადვოკატები საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან ითხოვენ.
თავის მხრივ, საგამოძიებო უწყება ბიზნესმენების ადვოკატებს წერილის ორიგინალის წარდგენას და იმ შუამავლის დასახელებას სთხოვს, რომელმაც, როგორც ხაზარაძე ამტკიცებს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გიორგი გახარიას მუქარისშემცველი წერილობითი გზავნილი გადასცა. თუმცა როდის გაამჟღავნებს ხაზარაძე შუამავლის ვინაობას, თარიღი ადვოკატების მხრიდან დღესაც არ დასახელებულა.
ანაბეჭდების გადამოწმებას ითხოვენ უფლებადამცველებიც, რომლებსაც დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატები შეხვდნენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლებს ასევე აინტერესებთ, რატომ არ არიან დღემდე დაკითხულები ის ადამიანები, რომლებიც, მათივე განმარტებით, სავარაუდო წერილზე ხაზარაძისგან ინფორმირებული იყვნენ.