ხაზარაძე-გახარიას ჩაშლილი მოლაპარაკებები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
გახარია-ხაზარაძის არშემდგარი ალიანსი შეფასებების თემაა პოლიტიკოსებში. რატომ ჩაიშალა პრეზიდენტის ინიციატივა და რაზე ვერ შეთანხმდნენ პარტიების ლიდერები – მიზეზებზე განმარტებები უკვე გაკეთდა. გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ხაზარაძემ მასთან კოალიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალებთან შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. საპირისპიროს ამტკიცებენ კოალიცია „ძლიერ საქართველოში“.
მათი განმარტებით, ერთობის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად იყვნენ და პარტია „საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსი, მათთვის მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა. ირაკლი კუპრაძის თქმით, გახარიას პარტიაში არ მოეწონათ ლევან ცუცქირიძის საჯარო განცხადება, სადაც იგი საუბრობს, რომ გაერთიანების მიზნობრიობაში დარწმუნებული არ არის. სამრაუნდიანი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შემდეგ, გახარია-ხაზარაძის პოლიტიკური ერთობა საბოლოოდ ვერ შედგა.