ამ წუთებში საქართველოს რეგიონებში ხანძრის 10-მდე კერაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმში, სადაც რთული რელიეფის გამო ვერტმფრენის გაგზავნა გახდა საჭირო. ცეცხლი უკიდია ონჭევი-წოლის და ლაილაშის ტყის ქვედა საფარს. ავიაცია მუშაობს კასპის რაიონის სოფელ რკონშიც, სადაც დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრში, შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. სტიქიას ებრძვიან ხარაგაულის და ჭიათურის ორ სოფელში, ასევე სამეგრელოს რამდენიმე წერტილში. მაღალი ტემპერატურა და ქარი სამუშაოებს აფერხებს. ხანძრის ჯერ ისევ აქტიური კერებია აფხაზეთის სოფლებშიც. ოფიციალური თბილისი ოკუპირებული რეგიონის დასახმარებლად მზად არის, თუმცა შეთავაზებები უპასუხოდ რჩება.