ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის მოლოდინი ოპოზიციას საბოლოოდ გაუმყარა ხმაურიანმა კანონპროექტმა, რომელმაც ყველა მოვლენა გადაფარა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად იქცა.
გუშინდელი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და ხმაურიანი საკომიტეტო განხილვის შემდეგ არანაკლები ხმაურია მოსალოდნელი ორშაბათს, როცა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული სადავო ინიციატივები ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უნდა გაიტანონ. უცხოური გავლენის აგენტთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებს მესამე სექტორთან ერთად მთელი ოპოზიცია ხელისუფლებისთვის მიუღებელი არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ რუსულ კანონებად აცხადებს და პროტესტის მასშტაბების ზრდას აანონსებს. ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტების მხარდამჭერებს სანქციების ამოქმედებით ემუქრება. კანონპროექტების ავტორები კი სადავო ტერმინების გადასახედად მზად არიან და ოპონენტებს სთხოვენ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდონ და შინაარსობრივ განხილვაში ჩაერთონ. საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გუშინდელ ხმაურიან სხდომაზე განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციის ნაწილმა დღეს კრიტიკა ცალკეული ოპოზიციონერი კოლეგებისგანაც მიიღო.