„ხალხის ძალის“ ორივე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში ხუთშაბათიდან იწყებს. საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები ამ დრომდე არ წყდება. საპარლამენტო ოპოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ არცერთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს და ორივე დოკუმენტს რუსულს უწოდებს. მათი შეფასებით, „ქართული ოცნებიდან“ გამიჯნული დეპუტატები მმართველ გუნდთან ერთად, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მიზანმიმართულად აზიანებენ. ოპონენტების ბრალდებებს არც ხალხის ძალაში და არც „ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და რის შემდეგ, ორივე დოკუმენტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მომზადებული ორი კანონპროექტიდან პარლამენტი ერთ-ერთს ვენეციის დასკვნის საფუძველზე, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს.